2022 წლის 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში, საზაფხულო თეატრსა და ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში დაფუძნდება შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია” და მის ფარგლებში გაიხსნება Საერთაშორისო საოპერო კონკურსი „ ოპერის ოქროს ხმა”.

კონკურსში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 70-მდე ახალგაზრდა ვოკალისტი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც წინასწარი ვიდეო ჩანაწერების მოსმენის საფუძველზე შეირჩევიან. კონკურსანტებს შეაფასებს საერთაშორისო დონის ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები, მსოფლიოს საოპერო თეატრების ხელმძღვანელები, საოპერო სფეროს აგენტები და ა.შ.

კონკურსი მიზნად ისახავს განსაკუთრებული მონაცემებით და ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდა ვოკალისტთა გამოვლენას, მათ სამომავლო პროფესიულ დაოსტატებას, კარიერულ ზრდასა და მსოფლიოს სხვადასხვა დიდ საოპერო თეატრსა თუ სასწავლებელში მოღვაწეობის ხელშეწყობას.

საერთაშორისო საოპერო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა” სავარაუდოდ იქნება ყოველწლიური და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მსოფლიოს ყველა ეროვნების და აღმსარებლობის ახალგაზრდა მომღერლებს 18-35 წლამდე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ნახვას შეძლებენ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც წარმოდგენილი იქნება კონკურსის პირობები, სარეგისტრაციო ფორმა და Წინასაკონკურსო მასალის განხილვისთვის საჭირო თანხის შესახებ ინფორმაცია: უცხო ქვეყნის მოქალაქე 60 ევრო, საქართველოს მოქალაქე 100 ლარი (სოც. დაუცველი ოჯახების წარმომადგენელთა და შშმ პირთათვის რეგისტრაცია-განხილვა თანდართული დოკუმენტით უფასოა). მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა წარმოადგინონ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები და ბოლო 6 თვის მანძილზე გადაღებული მაღალი ხარისხის, ახლო ხედით გადაღებული 2 საოპერო არიის ვიდეო ჩანაწერი – ცოცხალი შესრულებით, ფორტეპიანოს ან ორკესტრის თანხლებით. განაცხადის შეტანის შემდეგ, დაგეგმილ თარიღებში, კომპენტენტური ჯგუფი შეარჩევს და დაასახელებს კონკურსში დაშვებულ მონაწილეებს. Შერჩეულ კონკურსანტებს ყოველდღიურად საშუალება ექნებათ რეპეტიციები გაიარონ გამოცდილ პიანისტ-კონცერტმაისტერებთან და მესამე ტურში გასვლის შემთხვევაში იმუშაონ ორკესტრთან ერთად. კონკურსის ფარგლებში ასევე იგეგმება ცნობილი მომღერლებისა და ხელოვანების საჯარო ლექციები, მასტერკლასები.

საერთაშორისო საოპერო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა” სამი ტურისგან შედგება. კონკურსის Საზეიმო გახსნა და ტურები ბათუმის საზაფხულო თეატრში იგეგმება, ხოლო საფინალო გალა კონცერტი ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში. ტურებზე მონაწილეთა მოსმენა საჯაროა და მსურველებს შეუძლიათ დარბაზში დასწრება. კონკურსის ჟიური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული, 9 წევრით იქნება დაკომპლექტებული.

23/24 სექტემბერს იგეგმება კონკურსზე გამოცხადებული მომღერლების რეგისტრაცია და მათი პიანისტ-კონცერტმაისტერებთან გადანაწილება, ასევე დაინიშნება მომდევნო დღის გამომსვლელთა რეპეტიციები ზ.ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებლის შენობაში.

კონკურსის განრიგი

25-26 სექტემბერი – I ტური (ფორტეპიანოს თანხლებით)
27-28 სექტემბერი – II ტური (ფორტეპიანოს თანხლებით)
(მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, შესაძლოა II ტურს დაეთმოს მხოლოდ ერთი დღე)
29 სექტემბერი – ფინალისტთა რეპეტიცია ორკესტრთან, მასტერკლასები
30 სექტემბერი – საზეიმო დახურვა, ფინალი (ორკესტრის თანხლებით); I, II და III პრემიის ლაურეატთა, დიპლომანტთა საზეიმო დაჯილდოება.

კონკურსის საპრიზო ფონდი:

I პრემია – 7000 ევრო
II პრემია – 5000 ევრო
III პრემია – 3000 ევრო

კონკურსის ფინალისტებს გადაეცემათ საპატიო დიპლომები, ხოლო გამარჯვებულ სამ ლაურეატს ფულად პრემიასთან ერთად, გადაეცემა კონკურსის სახელობითი სპეციალური ჯილდო (სტატუები), სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრები.

ლაურეატების დაჯილდოება და კონკურსის საზეიმო დახურვის გალა-კონცერტი პირდაპირი ეთერით გადაიცემა საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთ წამყვან არხზე. ამავე პლატფორმაზე იტრიალებს ფესტივალის და კონკურსის საიმიჯო რგოლები, რომელიც ამავდროულად ფესტივალის ვებ-გვერდზე განთავსდება. მომზადდება კონკურსის ფოტო და ვიდეო დღიურები. ფესტივალ-კონკურსის ვებსაიტი გავრცელებული იქნება მსოფლიო მასშტაბით მუსიკალურ პლატფორმებზე, სადაც გულშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებს მსოფლიოს ყოველი კუთხიდან საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ კონკურსის მსვლელობას. ასევე, გაეცნონ პროექტის სპონსორებს და მათი კომპანიების საქმიანობას.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ქალაქ Ბათუმის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის სამინისტრო და სავაჭრო პალატა.

ფესტივალის „ბათუმის რაფსოდია”-ს ფარგლებში გამართული კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა” მიზნად ისახავს არა მარტო მსოფლიო მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლების მოზიდვა-გამოვლენა-ხელშეწყობას, არამედ სრულიად საქართველოს, აჭარის რეგიონის და კერძოდ ქალაქ ბათუმის კულტურული თუ ტურისტული კუთხით შემდგომ განვითარებას დიდ საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთან ერთად, კონკურსი ჩვენი ქვეყნის უნიჭიერეს დამწყებ მომღერლებს მისცემს უნიკალურ საშუალებას, ქვეყნიდან გაუსვლელად, ადგილზე შეძლონ მათი ხელოვნების, მსოფლიოს საოპერო სამყაროს წამყვან წარმომადგენელთა წინაშე წარდგენა.

კონკურსის დამფუძნებელი და პრეზიდენტი:
ჯუზეპე ვერდის და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ვენის შტაატსოპერის „ებერჰარდ ვეხტერის” საპატიო მედლის მფლობელი, ავსტრალიის ხელოვნების უმაღლესი ჯილდო „ჰელფმან ევარდსის” ნომინანტი,
სოპრანო
თამარ ივერი

კონკურსში რეგისტრაციის წესები