ელმინა ჰასანი

მეცო სოპრანო

აზერბაიჯანელი მეცო-სოპრანო, დაიბადა ბაქოში 2000 წელს. სწავლა ვოკალის სპეციალობით თავდაპირველად მშობლიურ ქალაქ ბაქოში (აზერბაიჯანი) მუსიკალურ აკადემიაში დაასრულა და შემდგომ მაგისტრატურა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში თამარ ივერის ხელმძღვანელობით. ამჟამად იგი არის ლინდემანის ახალგაზრდა არტისტთა განვითარების პროგრამის წევრი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში. მისი ბოლო დროის შემოქმედებითი აქტივობა მოიცავს მარკესა მელიბეას როლს ჯ.როსინის საოპერო სპექტაკლში „Il viaggio A Reims“, Deutsche Oper Berlin-ში მიშელ სპოტის ხელმძღვანელობით და დორაბელას როლს ვ.ა. მოცარტის უკვდავი ოპერიდან „Così fan tutte“ აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2019 წელს მეცო სოპრანოს დებიუტი შედგა პოლინას როლით პ.ჩაიკოვსკის ოპერაში „Queen of Spades“ („პიკის ქალი“). ქართულ საოპერო სცენაზე ელმინა ჰასანის დებიუტი შედგა ჯ.ვერდის ოპერაში „Aida“ („აიდა“) – ფენენას როლით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე (2022/23). ელმინა ჰასანი რამდენიმე საერთაშორისო ვოკალური კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის: შავი ზღვის I საერთაშორისო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“ (ბათუმი, საქართველო), „Operalia“ (მუმბაი, იდნოეთი), “Opera Crown” (თბილისი, საქართველო) –  გრან პრი-ს მფლობელია „ბულბულის“ სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე და სხვ.

ანდრეს სანჩეს იოგლარი

ტენორი

კუბელი ტენორი, დაიბადა ჰავანაში, 1993 წელს. ამადეო როლდანის სახელობის კონსერვატორიის კურსდამთავრებულის დებიუტი 2017 წელს შედგა, მარიო კავარადოსის როლით, ჯ. პუჩინის ოპერიდან “ტოსკა”, კიევის ეროვნული ოპერის თეატრის სცენაზე. მას შემდეგ მონაწილეობს სპექტაკლებში ესპანეთის, პორტუგალიის, კუბისა და მოლდოვის წამყვან საოპერო სცენებზე. მის რეპერტუარშია ალფრედო (ჯ. ვერდი „ტრავიატა“), პინკერტონი (ჯ. პუჩინი „მადამ ბატერფლაი“), ფლორესტანი (ლ.ვ. ბეთჰოვენი „ფიდელიო“), რინუჩო (ჯ.პუჩინი „ჯანი სკიკი“), ასევე სარზუელები და საგუნდო-ორატორიული ნაწარმოებები, მათ შორის მოცარტის “რეკვიემი” და ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. სანჩეს იოგლარი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია: II პრემია Compostela Lírica (2024), სარზუელას საუკეთესო ინტერპრეტატორი ლოგრონიოში (2024), ფინალისტი Hans Gabor Belvedere-ზე (2025) და სხვ.

აკაკი გუგუშვილი

ბარიტონი

ბარიტონი აკაკი გუგშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში.მან 2024 წელს დაამთავრა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მისი პროფესიული დებიუტი შედგა 2022 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ჯ.პუჩინის ოპერა „ბოჰემა“ მარჩელოს როლში. ამავე ოპერის სცენაზე მან 2023-2025 წლებში შეასრულა შემდეგი როლები: გარიდო ჟ.მასნეს „ნავარიელი ქალი“, აბიმელეხი კ.სენ-სანის ოპერაში „სამსონი და დალილა“. მას თბილისის ოპერის ორკესტრთან ერთად, შესრულებული აქვს ჯ.პუჩინის “ჯანი სკიკი”, ჯ.ვერდის “რიგოლეტო” და შარპლესი ჯ.პუჩინის ოპერაში „ჩიო-ჩიო სანი“. 2022 წელს ის გახდა ფოლად ბულბულ ოღლის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი. მომდევნო წელს კი მიიღო მონაწილეობა სოპრანო თამარ ივერის მიერ დაფუძნებულ “ოპერის ოქროს ხმა“ – ვოკალური აკადემიის კვირეულში,სადაც გაიარა რობერტო სკანდიუცის, ვესელინა კაზაროვას, მაურიციო ტრეჟოს და ბოჟიდარ ნიკოლოვის მასტერკლასები. 2024 წელს იტალიაში შედგა მისი საერთაშორისო დებიუტი,სადაც მან შეასრულა დონ პასკუალეს როლი, გ. დონიცეტის ოპერიდან „დონ პასკუალე“, მაესტრო რობერტო სკანდიუცის რეჟისორობით.

ანასტასია მინაშვილი

მეცო სოპრანო

ქართველი მეცო-სოპრანო, სწავლობს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მაესტრა თამარ ივერთან და ემერიტუს გოჩა ბეჟუაშვილთან. ბავშვობიდან ეუფლებოდა კლასიკურ მუსიკას – მღეროდა ჯაზს, უკრავდა ფორტეპიანოსა და არფაზე. დაამთავრა თბილისის სამუსიკო სემინარია. სიმღერისა და სასცენო ხელოვნებისადმი სიყვარული მისთვის ზუსტად ამ წლებში ჩამოყალიბდა. უახლესი სასცენო გამოცდილებებია კამერული მუსიკის კონცერტი მსოფლიოში ცნობილ პიანისტ მარტინ კაცთან, ფლორას პარტია ჯ. ვერდის ოპერაში “ტრავიატა” თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე და ქერუბინოს პარტია ვ.ა. მოცარტის ოპერაში “ფიგაროს ქორწინება” – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში. ანასტასია არის ახალგაზრდული პროგრამის “Music Academy of the West” 2025 წლის კურსდამთავრებული (სანტა ბარბარა, კალიფორნია, აშშ).

ეთერ ხალვაში

მეცო სოპრანო

ქართველი მეცო სოპრანო დაიბადა 1979 წელს, ქ.ბათუმში. 2001-2005 წლებში სწავლობდა  ქ.ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში. 2005-2009 წლებში სწავლა განაგრძო ქ,ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალის მიმართულებით. 2011 წელს მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ქ.თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2013-წლიდან დღემდე ეთერი ქ.ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტია. აქტიურ მონაწილეობას იღებს  საქალაქთაშორისო, საერთაშორისო კონცერტებში, აგრეთვე სპექტაკლებსა და ფესტივალებში. შესრულებული აქვს არაერთი საოპერო პარტია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, იტალია, რუმინეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, თურქეთი და ა.შ ).

დავით მუქერია

დირიჟორი

დაიბადა თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვალტორნის კლასი. 1985 წელს კი, კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი, ოდისეი დიმიტრიადის ხელმძღვანელობით. 1988 წლიდან ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორად და სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა; 1993 წლიდან კი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორია, სადაც მისი ხელმძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“; რევაზ ლაღიძის „ლელა“; ჯუზეპე ვერდის „ბალ-მასკარადი“, „აიდა“, „ოტელო“–  დამდგმელი დირიჟორი. დავით მუქერია შოთა რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატია.