კონკურსი
კონკურსის შესახებ
2022 წლის 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში, საზაფხულო თეატრსა და ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში დაფუძნდება შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია”. მის ფარგლებში გაიხსნება საერთაშორისო საოპერო კონკურსი – “ოპერის ოქროს ხმა”, რომელიც გამოავლენს ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერლებს. 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენა უმასპინძლებს 60 ახალგაზრდა ვოკალისტს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან პირველი ადგილისათვის. კონკურსანტებს შეაფასებს საერთაშორისო დონის ჟიური. ჟიურის შემადგენლობაში შევლენ მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები, მსოფლიოს საოპერო თეატრების ხელმძღვანელები, საოპერო სფეროს აგენტები და ა.შ.

კონკურსი მიზნად ისახავს განსაკუთრებული მონაცემებით და ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდა ვოკალისტთა გამოვლენას, მათ სამომავლო პროფესიულ დაოსტატებას, კარიერულ ზრდასა და მსოფლიოს სხვადასხვა დიდ საოპერო თეატრსა თუ სასწავლებელში მოღვაწეობის ხელშეწყობას.
საერთაშორისო საოპერო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა” სავარაუდოდ იქნება ყოველწლიური და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მსოფლიოს ყველა ეროვნების და აღმსარებლობის ახალგაზრდა მომღერლებს 18-35 წლამდე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ნახვას შეძლებენ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სადაც წარმოდგენილი იქნება კონკურსის პირობები, სარეგისტრაციო ფორმა და წინასაკონკურსო მასალის განხილვისთვის საჭირო თანხის შესახებ ინფორმაცია: 150 ₾ (სოც. დაუცველი ოჯახების წარმომადგენელთა და შშმ პირთათვის რეგისტრაცია-განხილვა თანდართული დოკუმენტით უფასოა, ასევე უფასოა უკრაინის მოქალაქეების რეგისტრაციაც სოლიდარობის ნიშნად). მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა წარმოადგინონ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები და ბოლო 6 თვის მანძილზე გადაღებული მაღალი ხარისხის, ახლო ხედით გადაღებული 2 საოპერო არიის ვიდეო ჩანაწერი – ცოცხალი შესრულებით, ფორტეპიანოს ან ორკესტრის თანხლებით. განაცხადის შეტანის შემდეგ, დაგეგმილ თარიღებში, კომპენტენტური ჯგუფი შეარჩევს და დაასახელებს კონკურსში დაშვებულ მონაწილეებს. შერჩეულ კონკურსანტებს ყოველდღიურად საშუალება ექნებათ რეპეტიციები გაიარონ გამოცდილ პიანისტ-კონცერტმაისტერებთან და მესამე ტურში გასვლის შემთხვევაში იმუშაონ ორკესტრთან ერთად. კონკურსის ფარგლებში ასევე იგეგმება ცნობილი მომღერლებისა და ხელოვანების საჯარო ლექციები, მასტერკლასები.
საერთაშორისო საოპერო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა” სამი ტურისგან შედგება. კონკურსის საზეიმო გახსნა და ტურები ბათუმის საზაფხულო თეატრში იგეგმება, ხოლო საფინალო გალა კონცერტი ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში. ტურებზე მონაწილეთა მოსმენა საჯაროა და მსურველებს შეუძლიათ დარბაზში დასწრება. კონკურსის ჟიური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული, 9 წევრით იქნება დაკომპლექტებული. 23/24 სექტემბერს იგეგმება კონკურსზე გამოცხადებული მომღერლების რეგისტრაცია და მათი პიანისტ-კონცერტმაისტერებთან გადანაწილება. ასევე დაინიშნება მომდევნო დღის გამომსვლელთა რეპეტიციები ზ.ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებლის შენობაში.
24 სექტემბრის საღამოს, ფესტივალ-კონკურსის საზეიმო გახსნაზე 70-მდე კონკურსანტი წარსდგება პუბლიკის წინაშე და კენჭისყრის საფუძველზე, კერძოდ, დოლურაში მოთავსებული ნომრების ამოღებით, მათ მიენიჭებათ საკუთარი ნომრები, რომელიც განსაზღვრავს მათ საკონკურსო ტურებში მონაწილეობის რიგს და დროს. კონკურსანტები კონცერტმაისტერების თანხლებით შეასრულებენ მათ სავალდებულო პროგრამას. 2-2 სხვადასხვა არიას ყოველ გადასულ ტურში. ფინალში გასული მონაწილეები იმეორებენ ერთ არიას წინა ტურებიდან და იმღერებენ ერთ ახალ არიას. კუნკურსანტებმა მთლიანობაში 5 არეა უნდა წარადგინონ.

გულშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებს მსოფლიოს ყოველი კუთხიდან საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ კონკურსის მსვლელობას. ასევე, გაეცნონ პროექტის სპონსორებს და მათი კომპანიების საქმიანობას. ლაურეატების დაჯილდოება და კონკურსის საზეიმო დახურვის გალა-კონცერტი პირდაპირი ეთერით გადაიცემა საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთ წამყვან არხზე.
ამავე პლატფორმაზე იტრიალებს ფესტივალის და კონკურსის საიმიჯო რგოლები, რომელიც ამავდროულად ფესტივალის ვებ-გვერდზე განთავსდება.
კონკურსის დამფუძნებელი და პრეზიდენტი: ჯუზეპე ვერდის და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ვენის შტაატსოპერის „ებერჰარდ ვეხტერის” საპატიო მედლის მფლობელი, ავსტრალიის ხელოვნების უმაღლესი ჯილდო „ჰელფმან ევარდსის” ნომინანტი, სოპრანო თამარ ივერი