წარდგენა

კონკურსი ``ოპერის ოქროს ხმა``

goldenvoice

ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსმა „ოპერის ოქროს ხმა“, 2022 წელს აღნიშნა თავისი დაბადება. ფესტივალის ჩატარების ადგილი – ქალაქი ბათუმი –  იგი სამართლიანად მიიჩნევა შავი ზღვის აუზის ჭეშმარიტ მარგალიტად (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო).

კონკურსი, ფესტივალის „ბათუმის რაფსოდია“ ერთ-ერთი შემდგენელი ნაწილია. ფესტივალიცა და კონკურსიც 2020 წელს უნდა დაფუძნებულიყო, თუმცა გლობალური პანდემიის უპრეცედენტო რეალობამ თარიღის კორექტირება გამოიწვია.

ფესტივალის დაფუძნება და ყოველწლიურად ჩატარება თავიდანვე ქალაქ ბათუმში გადაწყდა. მისი ჯადოსნური ატმოსფერო ანდამატივით იზიდავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებსა და დამსვენებლებს, მუსიკოსებსა და ხელოვან ადამიანებს. იდეალურ გარემოს ქმნის სრულფასოვან დასვენებისთან ერთად მაღალი ხელოვნების შედევრებთან ამაღელვებელი და დაუვიწყარი ზიარებისთვის. მუსიკა და ზღვა ასეთ შესაძლებლობათა კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი პერსპექტივაა, რომელსაც თავად ქალაქ ბათუმის მდიდარი მუსიკალური ტრადიციაც ადასტურებს.

კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“, ახალგაზრდა, როგორც დამწყები, ისე უკვე გამოცდილი მომღერლებისთვის, თვითწარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა, განვითარებისა და იმავდროულად, ოსტატობის დახვეწის უნიკალური საშუალებაა, ამასთან, კონკურსი უმნიშვნელოვანესი კერაა ქართველ მომღერალთათვის, საკუთარი ვოკალური შესაძლებლობები და ტალანტი წარმოაჩინონ მსოფლიო საოპერო ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტების წინაშე ქვეყნის დატოვების გარეშე.

კონკურსი, თავის გამარჯვებულებსა და ფინალისტებს მსოფლიოს წამყვან სააგენტოებში, თეატრებში, სამუსიკო სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში, საოპერო სტუდიებში მიწვევის ან სწავლის გაგრძელების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ფესტივალის ოფიციალურ საიტზე. მათ მიერ გამოგზავნილი ვიდეო ჩანაწერების მოსმენის შემდგომ შეირჩევა არაუმეტეს 60 მონაწილისა.

მგზავრობის, სასტუმროსა და კვების ხარჯებს თავად კონკურსანტი უზრუნველყოფს.
ფესტივალი უფლებას იტოვებს კონკურსისა თუ ფესტივალის მონაწილეებს შესთავაზოს პარტნიორი სასტუმრო ან კვების ობიექტი, სადაც მათ სპეციალური ფასდაკლება დახვდებათ. ბუნებრივია, მონაწილეებს სრული თავისუფლება აქვთ მათთვის სასურველი სასტუმროს, ბინის თუ კვების ობიექტების არჩევისას.