დიდი ბედნიერებაა მასპინძლობდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ადამიანებს ქალაქში, რომელშიც იდეალური გარემოა შექმნილი ყველანაირი ფესტივალების, კონკურსების, კონცერტებისა თუ ფოიერვერკებიანი დღესასწაულებისთვის.

დიახ, ეს ზღაპრული ქალაქი ბათუმია და არც არის გასაკვირი, რომ ერთადერთია საქართველოში, რომელიც UNESCO-ს მუსიკალური ქალაქების ღირსეულ და სრულიად დამსახურებულ ტიტულს ატარებს.

ინტერვიუებში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ფიზიკურად თბილისში დაბადებული, შემოქმედებითად, როგორც მომღერალი და არტისტი , სწორედ ქალაქ ბათუმის პირმშო ვარ.

ამ ქალაქის მაშინდელ საოპერო თეატრში მოღვაწეობის ხუთი წელიწადი, პირველივე მთავარ როლებთან ერთად გახლდათ სწორედ ის უმნიშვნელოვანესი ბიძგი და ტრამპლინი ჩემს ცხოვრებაში, რამაც ჯუზეპე ვერდისა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის საერთაშორისო კონკურსებამდე არამარტო მიმიყვანა, არამედ დიდი გამარჯვებები მაზეიმა.

ბათუმში მსგავსი კლასის კონკურსების , ფესტივალების დაარსება ჩემი დიდი ხნის ოცნება და ერთგვარი აკვიატებული იდეა გახლდათ. ძალიან მინდოდა ჩემი განუზომელი მადლიერება, ამ საოცარი ქალაქის მიმართ, სწორედ ამგვარად გამომეხატა და დღეს უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საოცნებო პროექტი, კეთილი და პროფესიონალი ადამიანების დახმარებითა და გვერდში დგომით ქმედით და ხილულ რეალობად იქცა.

განსაკუთრებული და გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს, ვის გარეშეც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ვერ განხორციელდებოდა და ოცნების დონეზე დარჩენილი, ვინ იცის რამდენი წელი მოუხდებოდა ლოდინი.

ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის:

– საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქ-ნ თეა წულუკიანს,
– აჭარის ავტ. რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბ-ნ თორნიკე რიჟვაძეს
– ამავე რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ქ-ნ მაია ხაჯიშვილს და ქალაქ ბათუმის მერს ბ-ნ არჩილ ჩიქოვანს.

ასევე, გულითადი მადლობა იმ ადამიანებს კერძო სექტორებიდან, ვინც ჩემი იდეა გაიზიარა, გვენდო, გვირწმუნა და გვერდში დაგვიდგა.

უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი საორგანიზაციო გუნდის, ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემთან ერთად “კადრს მიღმა” შრომობს, იღწვის პროექტის საუკეთესო ორგანიზებისა და მის საკადრის დონეზე წარდგენისა და ჩატარებისთვის და ბოლოს, გამორჩეული მადლობა თითოეულ თქვენთაგანს – მონაწილეებს და მსმენელებს,, რომ არა თქვენი ნდობა და ინტერესი ჩვენი პროექტის მიმართ, ეს შედეგი, ეს ზეიმი რომელსაც ყველა ველოდებით, უბრალოდ ვერ და არ შედგებოდა. მთელი ჩვენი გუნდი, ჩვენი დაუღალავი შრომა და ენთუზიაზმი სწორედ ამაზეა მომართული, რომ დაუვიწყარი ზეიმები, უპირველესად ფესტივალი, სწორედ თქვენთვის, ქალაქ ბათუმისთვის, სრულიად ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის უმაღლეს საშემსრულებლო დონეზე გაიმართოს, ხოლო ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსით კი ახდეს იმ ნიჭიერი ახალგაზრდების ოცნება, რომლებიც საკუთარ თავს დიდ საოპერო სცენებზე ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებებსა და სიზმრებში ხედავენ. დაე, ქალაქი ბათუმი გახდეს ის იღბლიანი ასაფრენი ბილიკი მათ წარმატებულ ვოკალურ კარიერაში, როგორც თავის დროზე თქვენი მონა-მორჩილისთვის აღმოჩნდა.

მჯერა, რომ მუსიკა ჩვენი ყველაზე დიდი სავიზიტო ბარათია მსოფლიოში და სწორედ მას ძალუძს საქართველო კიდევ უფრო მაღალი ცნობადობის საფეხურზე აიყვანოს. ჩვენი ვალდებულება, ყველამ ერთი სულისკვეთებით მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს!!!

 

პატივისცემით,

თამარ ივერი

საოპერო მომღერალი,
ჯ.ვერდის და ვ. ა. მოცარტის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი,
ავსტრიის,ვენის შტაატსოპერის “ებერჰარდტ ვეხტერის” მედლის მფლობელი.

მე-2  

შავი ზღვის საერთაშორისო

ოპერის მომღერალთა კონკურსი

ოპერის ოქროს ხმა

ქალაქი ბათუმი

6-12

ოქტომბერი

2024

სპონსერები